მუხურის გზა
მუხურის გზა იწყება სოფელი მუხურით, რომელიც ქ.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან 15 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო მანძილი მუხურიდან ზუგდიდამდე (წალენჯიხის გავლით) – 38 კმ-ია. მუხურის გზა ძალზედ მრავალფეროვანია და მოიცავს კულტურული, თუ ბუნებრივი წარმოშობის ძეგლებს, ბიომრავალფეროვნებას, ხობისწყლის ხეობის ულამაზეს ბუნებას თავისი შენაკადებით, მარადმწვანე ქვე-ტყეს, ალპურ და სუბ-ალპურ მცენარეულობას, მდიდარ ფლორას, მღვიმეებს, ჩანჩქერებს და უცხო კულტივარებს. სოფელი მუხური მდინარე ხობისწყლისა და ლუგელას მინერალური წყლის გამო საკავშირო მნიშვნელობის კურორტად იყო მიჩნეული. ეს ყველაფერი ერთობლივად დაუვიწყარ სანახაობას და გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს
სწორედ ამ სოფლიდან იწყება საქართველოში ერთერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტი ტობავარჩხილის ტბებისაკენ. ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება ნატურალისტებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომს ხდის ტიპიურ კოლხურ ტყეს თავისი მარადმწვანე ქვეტყითა და რაც მთავარია, ადგილობრივი ენდემური, რელიქტური და იშვიათი მცენარეებით. სოფელიდან 10 კილომეტრში მდინარე ხობისწყალზე, მიმდინარეობს ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ს მცირე ზომის კაშხლის (გვირაბის სათავე ნაგებობა) მშენებლობა, რომელიც დამატებით სანახაობას ქმნის ტურისტებისათვის. ამასთან, ხეობა თავისი უნიკალური მცენარეებით ქართული მთის რუხი ფუტკრის პოპულაციისათვის მნიშვნელოვან ბაზას წარმოადგენს.
მეფუტკრეობა, თაფლისა და მისგან მიღებული სხვა პროდუქციის დამზადება (დინდგელი, ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, ყვავილის მტვერი, თაფლის არაყი, ცვილი და სანთელი) ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრადიციულ და მნიშნველოვან საქმიანობას წარმოადგენს. იმდენადაც, რომ ადგილობრივების გადმოცემით, ისტორიულად თაფლის ქურდობა ყოველთვის უმძიმეს ცოდვად ითვლებოდა. ადგილობრივების გადმოცემით მუხურში ბინადრობს ქართული მთის რუხი ფუტკრის, მეგრული პოპულაციის დედა ფუტკარი, რომელიც არის გამორჩეული უნიკალური თვისებებით: იგი თვინიერია (მშვიდია), შრომობს წვიმიან და ტენიან ამინდებშიც კი (მაღალპროდუქტიულობა), და აქვს განსაკუთრებით გრძელი ხორთუმი (7,2 – 7,3 მმ.), რომელიც საშუალებას აძლევს მას ნექტარი შეაგროვოს მცენარის სანექტრის სიღრმეებიდან უგემრიელესი თაფლის მისაღებად. დედა ფუტკარი იგზავნებოდა აშშ-ში, ავსტრალიაში, ყაზახეთში, რუსეთში, კანადაში, ახალ ზელანდიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გასამრავლებლად. მუხურის ფუტკარს სხვადსხვა საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებზე სამი ოქროს მედლი აქვს მოპოვებული.
1961 წელი
გერმანია, ქალაქი ერფურტი
1965 წელი
ქალაქი ბუქარესტი, რუმინეთი
1971 წელი
ქალაქი მოსკოვი, რუსეთი
ფუტკრის სტაციონარი სოფელი მუხურია, ხოლო მთაბარობა 10 ივნისიდან იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება ხობისწყლის ხეობაში, ლუგელას მიმდებარედ. ფუტკარს საკვების მოსაპოვებლად დაახლოებით 7 კმ მანძილის დაფარვა შეუძლია, და საკვები ბაზად იყენებს კოლხურ ბზას, შინდს, წყავი, მაყვალი, აკაცია, ხურმა, ცაცხვი, სურო და ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობა – წაბლს, რომელიც აქტიურ ყვავილობას ივნისში იწყებს. ამ დროს მეფუტკრეებს ფუტკარი ხობისწყლის ხეობაში აჰყავთ და შესაბამისად გზისპირებზე მრავლად შეხვდებით კოხტად დალაგებულ ბუკებს. თუკი მუხურში მეფუტკრესთან გაჩერდებით აუცილებლად შემოგთავაზებენ უგემრიელესი თაფლის დაგემოვნებას.
ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების გარდა, მუხურის გზას კიდევ ისიც ამდიდრებს, რომ წარმოდგენილია სხვადასხვა სახის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ისტორიული შენობა-ნაგებობებით, ტრადიციული არქიტექტურით, ხის სახლებით, და რაც მთავარია სტუმართმოყვარე ადგილობრივი მოსახლეობით, თავიანთი ტრადიციებით, დღესასწაულებითა და ადგილობრივი კერძებით.