ადგილობრივი ტრადიციები და დღესასწაულები
სამეგრელო-ზემო სვანეთი, განსაკუთრებით კი მუხური და მიმდებარე სოფლები ცნობილი
არიან უძველესი ტრადიციული დღესასწაულებითა და წეს-ჩვეულებებით.
ჩხოროწყუობა
ქალაქ ჩხოროწყუში, ცენტრალურ ქუჩაზე, ყოველწლიურად ნოემბრის პირველ შაბათ/ კვირას იმართება სხვადასხვა ტიპის კულტურულსაგანმანათლებლო და სპორტული ღინისძიებები, ღია ბაზრობები, შეხვედრები, გამოფენები, კონცერტები და სხვა. ამ დროს მზადდება ტრადიციული ადგილობრივი კერძები, და საზეიმოდ ხდება საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოვება.
მენჩურუა
ძველი კოლხური ორთაბრძოლა წყალში, წყალჭიდი და ტრადიცია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მუხურში განახლდა. ზოგადად ტრადიცია 3 ათას წელზე მეტს ითვლის და ის სუფთა, მდორე და ღრმა წყალში იმართება. შეჯიბრი/ტურნირი ყოველი წლის აგვისტოს მერე ნახევარში სოფელ მუხურში ხიდთან (ნაცხას ხიდი) იმართება. წესების მიხედვით მოწინააღმდეგეები ერთმანეთთან მიცურდებიან და ცდილობენ თავი
სტუმრების მიმართ დამოკიდებულებები
სამეგრელო და განსაკუთრებით სოფელი მუხური ცნობილია სტუმართმოყვარეობით. ადგილობრივ მოსახლეობაში დამკვიდრებული იყო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც არცერთ სტუმარს არ უნდა დაეტოვებინა მასპინძლის ზღურბლი ღვინის გარეშე. სუფრის ბოლოს ისინი შემოსასვლელ ჭიშკართან ხვდებოდნენ მაყრებსა და სხვა სტუმრებს, ხოლო ვინც ფხიზელი მიდიოდა სათითაოდ ღვინით სავსე სასმისის დაცლას თხოვდნენ. განსაკუთრებული დამოკიდებულებები ქონდათ ადგილობრივებს მოულოდნელად და ხანმოკლე ვიზიტით მოსულ სტუმრებთან მიმართებაშიც, რომლებსაც ჭიშკართანვე უმასპინძლდებოდნენ არყითა და თხილით კეთილგანწყობის გამოსახატავად.
რელიგიური დღესასწაულები
გიორგობის დღესასწაული
მუხურის მეზობელ სოფელ თაიაში ყოველი წლის 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ხსენების დღე აღინიშნება. დღესასწაული ქრისტიანულია და სოფელ თაიიდან 2.5 კილომეტრში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ოცინდალეს მონასტერთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში ოცინდალეს მონასტერში აღევლინებოდა წირვა-ლოცვა, ხოლო შემდგომ უკვე მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივები და სტუმრები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ ამ დღეს ტრადიციულად სოფელ თაიაში ისტორიულად იმართებოდა “მარულა” (დოღის ეროვნული სახეობა), რომელშიც ცხენოსნები იღებდნენ ყველა კუთხიდან მონაწილეობას.
ბენდელიანების საგვარეულო დღესასწაული
სოფელ მუხურში ყოველი წლის აღდგომიდან მე-2 კვირის ორშაბათს აღინიშნება. აღევლინება საგვარეულო ლოცვა.
ამაღლების დღესასაწაული
აღინიშნება მუხურის მეზობელ სოფელ ზუმში აღდგომიდან მე-40 დღეს. ამ დღეს სოფლის მცხოვრებლებს ყველა ოჯახში ლხინი აქვთ გამართული და დიდი სიხარულითა და ზარზეიმით იღებენ სტუმრებს. კონკრეტულად სოფელ ზუმში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა მოქმედი. სოფელში დღესასწაული ტრადიციულად წირვალოცვით იწყებოდა ხოლო შემდგომ სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართებოდა. დღეისათვის ეს ტრადიცია სახეცვლილია და მხოლოდ სტუმრების მიღებით აღინიშნება.
თოლორდავების საგვარეულო დღესასწაული
სოფელ მუხურში ყოველ წელს მარიამობის (28 აგვისტო) შემდგომ პირველ კვირა დღეს აღინიშნება. ამ დროს გვარის წარმომადგენლები საგვარეულო ჯვართან იკრიბებიან და საგვარეულო ლოცვას აღავლენენ.
ნათლისღების დღესასწაული
რელიგიური დღესასწაული სოფელ მუხურში აქტიურად აღინიშნებოდა ყოველწლიურად 19 იანვარს, ნათლისღების დღეს. ამ დღეს ადგილობრივი მოსახლეობა მომლოცველებთან ერთად აწყობდა განბანვის რიტუალს მდ. ხობისწყალში.
საგვარეულო დღესასწაულები
ისტორიულად ამა თუ იმ გვარს საკუთარი ხატი და წმინდანი ყავდა. მიუხედავად საბჭოთა კავშირის პერიოდისა, უმეტესობამ ეს ტრადიციები შეინარჩუნა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ტრადიცია აღდგა და პატრიარქის და ქართული ეკლესიის მიერ დაიწყო კურთხევა გვარებისა და სალოცავების.
ადგილობრივი კულინარია
სოფელი მუხური ტრადიციულად ცნობილი იყო მეცხოველეობით, განსაკუთრებით კი მესაქონლეობითა
და მეთხევეობით, რამაც დიდი როლი ითამაშა სამზარეულოს მრავალფეროვნებაში. მეგრული
სამზარეულოს ერთერთი თავისებურებაა ცხარე კერძები, განსაკუთრებით კი ცხარე საკმაზები, მეგრული აჯიკა და სხვა.
ღომი
მეგრული სამზარეულო ღომით იწყება, რომელიც სიმინდის შემოსვლამდე მცენარე ღომის ნაყოფისგან მზადდებოდა. ღომი სამეგრელოში გამოიყენება ყოველდღიურ საკვებად, ხშირ შემთხვევაში პურის ნაცვლადაც კი. ღომი ბევრი სხვა კერძის თანმდევია.
მეგრული სულუგუნი
მეგრული სამზარეულოს ერთერთი გამორჩეული ყველის ნაირსახეობაა. მეგრელები მას ძირითადად ყოველდღიურად – ცხელ ღომთან ერთად მიირთმევენ.
მეგრული აჯიკა
სუნელის ერთ-ერთი ტრადიციული ცხარე სახეობაა. იგი მზადდება მწვანილების, ნივრის, მწარე წიწაკისა და თხილისაგან. იგი გამოიყენება შესაზავებლად, და ჭამენ ადგილობრივ კერძებთან ერთად. ძირითადად მზადდება ზაფხულობით.
მეგრული კვარი ყველით
მზადდება ხორბლის ფქვილისგან, ცომისა და ჭყინტი ყველისაგან. იგი ადგილობრივებისათვის ხაჭაპურის მსგავსად თითქმის ყოველდღიური კერძია, რომლითაც ხშირად უმასპინძლდებიან სტუმრებსაც.
ელარჯი
მისი წარმოშობა მწყემსების ხანგრძლივი დროით მთაში ყოფნასთან არის დაკავშირებული. როდესაც ადგილობრივები მთაში ნახირს მიერეკებოდნენ იქ თვეობით უწევდათ ყოფნა, შესაბამისად რთული იყო საკმარისი რაოდენობის სიმინდის ღერღილისა და ფქვილის თან წაღება, ხოლო ყველს ადგილზე ამზადებდნენ. შესაბამისად მათ მთებში პირველებმა დაიწყეს ელარჯის დამზადება სიმინდის ღერღილისა და ყველისაგან. დღეისათვის ელარჯიც ერთერთი განსაკუთრებული და გამორჩეული კერძია, რომელსაც დღესასწაულებზე ან სტუმრებისათვის ამზადებენ
მეგრული ხაჭაპური
ხორბლის ფქვილისგან მომზადებული ცომითა და ჭყინტი ყველით, ხოლო თავზე გახეხილი ყველისა და კვერცხის ნარევით მზადდება. მუხურში ადგილობრივებისათვის შეიძლება ითქვას ერთდროულადაა, როგორც ყოველდღიური ასევე სადღესასაწაულო სუფრის ნაწილი.
ჯურჯანი
(ცხელი კუჭმაჭი) ცხელი კერძია, რომელიც მზადდება საქონლის შიგნეულობისაგან. წვრილად დაჭრილი ნაწლავები იხარშება და ზავდება ქონდარით, ნივრით, მწარე წიწაკითა და სხვა სუნელებით. ცხიმიანი კერძია და მიირთმევენ ღომთან ერთად. იგი სადღესასწაულო სუფრების განუყოფელი ნაწილია.
შებოლილი სულუგუნი
მეგრული სულუგუნისგან მზადდება, მას ფაცხებში შუა ცეცხლზე ახმობდნენ. მეგრული ცხოვრების წესიდან გამომდინარე სულგუნს ფაცხაში ჭერზე კიდებდნენ, სადაც მას მუდმივად შუა ცეცხლის კვამლი ხვდებოდა, აშრობდა, ხანგრძლივად ინახავდა და განსაკუთრებულ გემოს აძლევდა.
მეგრული საცივი
ნიგვზიანი, კერძი, მზადდება ინდაურით და საახალწლო სუფრის ძირითადი კერძია. ჭამენ ცალკე, ან ღომთან ერთად. აღსანიშნავია რომ ნიგოზს ადგილობრივები ხობისწყლის ხეობაში დღესაც აქტიურად აგროვებენ.
კაჭაბე
დამწნილებული კეჟერა ფხალი, რომელიც იჭრება კუბიკებად და აზავებენ ნიგვზიანი სუნელებით. ჭამენ ღომთან ერთად. ადგილობრივების ყოველდღიური საკვებია, თუმცა ხშირ შემთხვევაში სადღესასწაულო სუფრებსაც ამშვენებს.
საწმელი
ადგილობრივი წვნიანი ცხელი კერძი, რომელიც მზადდება მოხარშული ქათმის ხორცისაგან, სუნელებისა და მჭადის ფქვილით. უმატებენ პომიდორს, და ჭამენ ღომთან ერთად. იგი ძირითადად არის ზამთრის ყოველდღიური კერძი.
ჩინჩოლია/ფუჩხოლია ყველი
ყოველდღიური საკვებია და მზადდება პიტნის, ნივრის, სუნელებისა და რაც მთავარია ჭყინტი ყველისაგან. მიირთმევენ ღომთან ერთად.
გებჟალია
მეგრული სამზარეულოს ერთერთი გამორჩეული კერძია, რომელიც დღესასწაულებზე ან განსაკუთრებული სტუმრებისთვის მზადდებოდა. მზადდება ახალი უმარილო ყველისა, პიტნისა, სუნელებისა და დაღერღილი წიწაკისაგან.