კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

კულტურული და ტრადიციული მნიშნველობის ძეგლები და აქტივები კარგად ასახავენ მუხურის და მუხურელების
მიერ განვლილ ისტორიას და წარმოადგენენ ადგილობრივი მოსახლეობისათვის ფასეულობებს.

მუხურის ხიდი და მუხურის „პლიაჟი“

სოფლის ცენტრში, განსაკუთრებულ ყურადღებას იბყრობს მდ. ხობისწყალზე გადებული 10-11 მ. სიმაღლის ხიდი, ნაცხას (ადგილის დასახელებაა და ნიშნავს დამწვარს და განახლებულს/აღდგენილს) ხიდი, რომელიც მუხურის ერთერთი სავიზიტო ბარათია. ადგილობრივები მას თამარ მეფესთან აკავშირებენ. გადმოცემის მიხედვით მეფემ ეს ხიდი გადაიარა მე-13-ე საუკუნეში.

ხის სახლები მუხურში

სოფელი მუხური ოდითგანვე ცნობილი იყო გამორჩეული ხის ოსტატებით, ასევე ტყესთან მათი სიახლოვე განაპირობებდა მასალების ხელმისაწვდომობას, რის გამოც მუხურში მრავლად შეხვდებით წაბლის ხის სახლებს, რომლებსაც ‘ოდა’ ეწოდებათ. განსაკუთრებით მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან დაიწყო მასიურად 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლების შენება, სადაც მეორე სართული სრულად წაბლის ხის მასალით იგებოდა.

ირაკლი გაბედავას ოდა

წაბლის ხისგან დამზადებული, ძველი ოდა სახლი, რომლიც სავარაუდოდ 1901 წელსაა აშენებული. სახლი თლილი ქვის ბოძებზეა, აქვს ხის დარაბები, შენარჩუნებულია აივნების ჩუქურთმები, გადახურულია ალუმინის სახურავით. ეზოც ტიპიური კოლხური სტილია, ვრცელი მინდვრითა და საჩრდილობელი ბლის ხით. ოდა მდებარეობს მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე, მუხურის მღვიმის მახლობლად.

ლაშა გახარიას სახლმუზეუმი

ცნობილი პოეტი ლაშა გახარია 1947 წელს დაიბადა სოფელ მუხურში და 2004 წელს გარდაიცვალა. დღეს მისი სახლ-მუზეუმის დათვალიერება სოფელ მუხურში შეიძლება. ოდა-ტიპის სახლი, რომელიც სოფლის ცენტრთან ძალიან ახლოს მდებარეობს წარმოდეგენილია ტიპიური კოლხური სტილის ეზოთი. ოდა წაბლის ხითაა აგებული, ხოლო ეზოში მრავლადაა ბროწეულის, რცხილის, ცაცხვისა და კაკლის ხეები. ეზოში გაშლილი სივრცეა და შესაბამისად მუზეუმი პერიოდულად მასპინძლობს ლიტერატურულ ღონისძიებებს, პოეზიის საღამოებს, ფოლკლორულ კონცერტებსა და სხვა

ნატო წურწუმიას ოდა

წაბლის ხის მასალისგან დამზადებული ოდა სახლი ტიპიური ვრცელი ტრადიციული მეგრული ეზოთი – უშუალოდ ოდა 1905 წლით თარიღდება, აგებულია სრულად ულურსმნოდ, წაბლის ხის მასალით. სახურავად გამოყენებულია მარსელის კრამიტი, საძირკველს სიმყარისათვის კი ხობისწყლის თეთრი ქვებისგან აგებული სიმაგრეები აქვს. სახლი აგურის ბოძებზე დგას, შენარჩუნებული იმ პერიოდისათვის დამახასითებელი ხელით გამოჭრილი ჩუქურთმებით და ორნამენტებით. აქვეა ძველი მარანი, სადაც 27 სხვადასხვა ზომის ქვევრია ჩამარხული (უმცირესი 12 ლიტრიანია), ძველი ქვის ღობე – ხიბილი, სასიმინდე („მაღაზა“), ხელის წისქვილი, ძველებური ლურსმანი და სხვა. ეზო ტიპიური მეგრული სტილისაა, რომლისთვისაც გაშლილი ხასხასა მინდორი და დიდი საჩრდილობელი ხეები, ძირითადად მსხალი, რცხილა ან ცაცხვია დამახასითებელი.

მუხურის ეკლესია

სოფელ მუხურის სასაფლაოზე მდებარეობს და მიეკუთვნება გვიანი შუა საუკუნეების პერიოდს. მუხურის ეკლესია, აგებულია სამნავიანი ბაზილიკის სტილში, თლილი კირქვით, მყარი სქელი კედლებითა და ბოძების მონაცვლეობით. მას არ აქვს სახურავი, თუმცა კედლები შენარჩუნებულია. ძეგლი შესულია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

კახა თოლორდავას ოდა

ოდა სახლი წაბლის ხის მასალითაა აშენებული. დაშლილი ოდა 1934 წელს შეიძინეს წინაპრებმა და 1953 წელს ააწყვეს. ოდა დღესაც ამაყად დგას და კარგად ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს.

ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მიეკუთვნება უძველესი, ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშს. მას ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. ეკლესია მე-11 საუკუნეშია აგებული, ამავე დროით თარიღდება ასევე ეკლესიის კარი რომელიც ვაზისგან იყო დამზადებული და ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია საუკუნეების მანძილზე იყო და არის სარწმუნოებრივი ცენტრი, სადაც ყოველი წლის 23 ნოემბერს გიორგობას უამრავი მომლოცველი იკრიბება. ეკლესიამდე სოფელ თაიიდან 2.5 კმ სამანქანო გზა ადის, რითაც მაღალი გამავლობის მანქანები გადაადგილდებიან, ხოლო სოფელ მუხურიდან ოცინდალესკენ ძველი, საფეხმავლო ბილიკი გადადის, რომელიც სალაშქროდ – საშუალო სირთულის გზას მიეკუთვნება.

Shopping Cart