ბუნებრივი წარმოშობის ძეგლები

სოფელი მუხური მდიდარია სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი წარმოშობის ძეგლებთ. აუცილებლად უნდა მოინახულოთ შემდეგი ბუნებრივი სანახაობები.

მდინარე ხობისწყალი

150 კმ-ის სიგრძის მდინარე ეგრისის ქედზე იღებს სათავეს და შავ ზღვაში ჩაედინება. მდინარე ძირითადად ღრმა კალაპოტით ხასითდება და განსაკუთრებულ სანახობრივ ხედებს ქმნის. მდინარის დინების მიმართულებით ხიდამდე, შესაძლებელია ექსტრემალური, წყლის ტურიზმით – კაიაკინგით დაკავება. მდ. ხობისწყალთან არის უშუალოდ დაკავშირებული ადგილობრივი სიო „მასქური“ რომელიც ხობისწყლის ხეობაში, საღამოობით წარმოიქმნება და მდინარის დინების მიმართულებით მიუყვება ხეობას დილამდე. ხეობა ღიაა და აქ მთის და ზღვის ჰავის შერწყმა ჰაერს განსაკუთრებულად მსუბუქსა და იონიზირებულს ხდის. მუხურის ცენტრშივე მ.დ ხობისწყლის მიერ ფორმირებული ულამაზესი კუნძული გვხვდება. კუნძულზე გადასვლა მდინარითაა შესაძლებელი.

შურუბუმუს მღვიმე

შურუბუმუს მღვიმე მდებარეობს სოფელი მუხურიდან 3 კმ-ში, მდ. ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე. სიგრძით 250 მეტრიანი მღვიმე უძველესი გეოლოგიური პერიოდიდან მოყოლებული არსებობს. იგი ჰორიზონტული, სამსართულიანი სიღრუეა, რომლის შესასვლელიც ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით იხსნება. მეორე და მესამე სართულები (ზევიდან ქვევით) გაუვალია. მისაწვდომია მხოლოდ მღვიმის ზედა პირველი სართული, რომლის ძირითადი დერეფნისათვის დამახასიათებელია ვიწრო ხვრელები და გასასვლელები, რომელთა შორის არსებული სიღრუეები სიფონური ტბით იკეტება (სიფონი – სიღრუე რომელიც მთლიანად წყლითაა ამოვსებული), თუმცა გავლა ბოლომდეა შესაძლებელი. მღვიმის სხვადასხვა უბნებში გვხვდება კედლები, რომლებიც მორთულია „გაქვავებული ჩანჩქერებით“. არქეოლოგიური კვლევების შედეგად მღვიმეში მიკვლეულ იქნა ქვის ხანის შემცველი კულტურული ფენები.

მდ ღუნჯი / ღუნჯის ჩანჩქერი

მდინარე ღუნჯი 20 კმ-მდე სიგრძის, ხობისწყლის ყველაზე წყალუხვი შენაკადია, რომელიც სათავეს ეგრისის ქედიდან იღებს. იქვეა ღუნჯის ჩანჩქერი. ჩანჩქერის გადაღება მხოლოდ მდ. ხობისწყლის მარცხენა სანაპიროდანაა შესაძლებელი, თუმცა არანაკლებ სანახაობრივია კასკადი ჩანჩქერებისა, რომელიც სამანქანო გზიდან მოსჩანს. ჩანჩქერთან ჩრდილო-აღმოსავლეთით ფერდობზე მოზარდი კოლხური ყოჩივარდას შემჩნევაა შესაძლებელი, რომელიც ადგილობრივი ფლორის ენდემია და აგვისტოში იწყებს ყვავილობას.

ყირზალას ჩანჩქერი

ტობავარჩხილისკენ მიმავალ გზაზე არსებული 15 მ-მდე სიმაღლის ჩანჩქერი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა შენაკადს ქმნის. ჩანჩქერი სამანქანო გზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთითაა. მისი კალაპოტი უძველესი პერიოდის ქვებითა და ლოდებითაა აგებული.

მერგელები

მერგელები შორეული ეპოქის დანალექებია, რომლებიც ვიწრო ზოლის სახით გვხვდება (მიგარიას მასივი). წარმოდგენილია მომწვანო-მონაცრისფრო კირქვიანი მერგელებისა და მომწვანო-ნაცრისფერი თიხიანი მერგელების მონაცვლეობით. სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბნის აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება (სოფლის ცენტრიდან შესახვევევი ხელმარჯვნივ, ადვილი მისასვლელია ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებით).

დეიძახის ვოკლუზი

დეიძახის ვოკლუზები გაედინება მდ. ხობისწყლის მარცხენა მხარეს კალაპოტის დონეზე. მას ახასიათებს ძლიერი წყალდიდობა, რაც მთლიანად თავსხმა წვიმებთან და თოვლის დნობასთანაა დაკავშირებული. ძლიერი წვიმის დროს დეიძახის მიწისქვეშა აუზი ივსება, წყლის დონე საგრძნობლად მაღლა იწევს და მოქმედებაში ერთვებიან მთელი რიგი სიფონური არხები, გვირაბები და დერეფნები. მძლავრი წყლის ნაკადები ამოღვრას იწყებენ ლოდებით მოფენილი მშრალი კალაპოტიდან, ნაპრალებიდან და კლდოვანი ნაზვავი მასიდან. ამრიგად, ადამიანის თვალწინ ხდება მდინარის უცაბედი დაბადება, ზრდა და კვლავ გაქრობა. აღნიშნული მოვლენა ბუნების იშვიათ ფენომენს წარმოადგენს. მშრალ ამინდებში ტერიტორია საკმარისი რაოდენობის ტენიანობას ინარჩუნებს და კირქვის ლოდები მასიურად ხავსებით იფარება. შესაბამისად ტერიტორია ორივე დროს (წყლითაც და წყლის გარეშე) გასაოცრად საინტერესოა. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ დეიძახის ვოკლუზების მიდამოებში, შურუბუმუს მღვიმესა და მიმდებარე ტყის ზოლში, აღნიშნული ტერიტორია პერსპექტიულია იონოთერაპიისა და სპელეოთერაპიის (მღვიმეების სპეციფიკური მიკროკლიმატის გამოყენება სამკურნალო მიზნებისათვის) თვალსაზრისით. ამ ადგილებში ტურიზმისთვის ყველაზე ხელსაყრელი თვეები მარტიდან-ნოემბრის ჩათვლითაა, ხოლო სამკურნალოდ და გამაჯანსაღებელი ტურიზმისათვის წლის ყველა თვე მისაღებია.

დეიძახის ლოდი და „ვეშაპის ქანდაკება“

დეიძახის ლოდი დიდი ზომის 16 მ გარშემოწერილობისა და 5 მ სიმაღლის ვულკანოგენური წვრილმარცვლოვანი ლოდია. ხოლო, რაც შეეხება „ვეშაპის“ ქანდაკებას, იგი დეიძახის ლოდის მიმდებარედ ოდნავ მომცრო ზომითაა წარმოდგენილი. ლოდი ნაწილობრივ ჩამარხულია მიწაში და ადამიანური ზემოქმედების კვალი ეტყობა. უფრო კონკრეტულად კი ვეშაპის მსგავსადაა ფორმირებული, როგორც ადგილობრივებისთვის საკულტო ქანდაკება – გველეშაპი რომელიც თევზს იცავს. მდინარის პირას სათევზაო ადგილია, სადაც გადმოცემის მიხედვით დიდი რაოდენობით თევზს იჭერდნენ. სწორედ მის დაცვას უნდა ემსახურებოდეს ამ ლოდისგან გამოთლილი ქანდაკება. დამატებით უნდა აღინიშნოს რომ, გადმოცემის მიხედვით აქ იყო მოწყობილი თევზსაჭერი, სადაც იმდენად დიდი რაოდენობით თევზს იჭერდნენ, რომ საკმარისი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე საჩუქრად უგზავნიდნენ სოფლიდან გათხოვილ ქალიშვილებსაც.

ლუგელას მინერალური წყალი

ლუგელას მინერალური წყარო მდებარეობს სოფელი მუხურიდან 4 კილომეტრში. მინერალური შემადგენლობით 9.5 %-იანი კალციუმის ქლორიდის ხსნარს ქმნის, ადვილად შეთვისებადი კალციუმით. შესაძლებელია როგორც გარეგანი გამოყენება, ასევე დალევა. აქტიურად გამოიყენება გარეგანი ანთებების სამკურნალოდ. ლუგელას წყლისა და ადგილობრივი სიო მასქურის გამო მუხური 1970-იანი წლებიდან აღიარებული იყო როგორც კურორტი, განსაკუთრებით ფილტვისა და ძვლების სხვადასხვა დაავადებების მქონე ადამიანთათვის

მუხურის (ქოყოს) მღვიმე

მდებარეობს მდ. ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე, მუხურიდან 1.5-2 კმ-ის დაშორებით, სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე. შესასვლელი იხსნება დასავლეთის მიმართულებით. მღვიმე წარმოადგენს აღმავალ სიღრუეს, რომელიც ტიპიურ გვირაბისებურ ფორმას თითქმის ბოლომდე ინარჩუნებს. მღვიმის ჯამური სიგრძე 1 კმ-ს აღემატება. მღვიმიდან გამოედინება წყლის მუდმივმოქმედი ნაკადი, რომელიც სოფლის წყალმომარაგებისათვის გამოიყენება. კლიმატური თვალსაზრისით მღვიმე თბილ და უქარო ტიპს მიეკუთვნება. იგი იდეალური ადგილია სპელეოდაივინგისათვის.

გვალაშარას ჩანჩქერი, მდ. გვალაშარა მდ.

გვალაშარა 15 კმ-მდე სიგრძის, ხობისწყლის მარჯვენა შენაკადია, რომელიც სოფელი მუხურიდან 5 კმ-ის დაშორებით უერთდება ხობისწყალს. ხეობა შერეულფოთლოვანი ტყითაა დაფარული, სადაც ვხვდებით ისეთ სახეობებს, როგორიცაა წაბლი, შქერი, კოლხური ჭყორი, რცხილა, მურყანი, ცაცხვი და სხვა. მდინარის მთელი ხეობისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა სიმაღლისა და ვარდნის ჩანჩქერების კასკადი. გვალაშარას მდინარე და ჩანჩქერი მარკირებულია და იდეალური ადგილია მარტივი სირთულის კანიონინგისათვის (მთებში მოგზაურობის სახეობა, რომელიც მოიცავს კანიონებში სიარულს).

შიშველი კარსტი (კარსტის გაშიშვლება)

შიშველი კარსტი ძირითადად მიგარიას მასივზე (მდ. ხობისწყლის მარჯვენა მხარეს) გვხვდება და მოიცავს ბუნებრივ გაშიშვლებებს – მდინარეთა კალაპოტებს, ხეობებისა და ფერდობებს. უახლოესი და სანახაობრივად შთამბეჭდავი ტიპიური კარსტის გაშიშვლება გვხვდება სოფელ მუხურშივე (ქოყოს დასაწყისში – ადგილი ხიდიდან მარჯვნივ), ხიდიდან ჩრდილოეთით, მდ. ხობისწყლის კალაპოტში.

Shopping Cart